თბილისის მერი, კახა კალაძე "ღამის კურიერის" ეთერში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმს ო"ბრაიენის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც კონკრეტული პირების და მათი ოჯახის წევრების შესაძლო ფინანსურ და სამოგზაურო სანქციებზე ისაუბრა.
კახა კალაძის შეფასებით, მისთვის წარმოუდგენელია, რისთვის უნდა დასანქცირდნენ.
"პირადად ჩემთვის და მე გეტყვით, ჩემი თანაგუნდელების აზრსაც, არავის არ გვეშინია ამ სანქციების. როდესაც საქმე ეხება შენს ქვეყანას, შენს სამშობლოს, რა სანქციებზეა საუბარი!
სანქციები დაუწესეს მოსამართლეებს და შეზღუდეს გადაადგილება აშშ-ში, ჯერ ერთი, აბსოლუტურად გაუგებარია - რატომ?! ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ამ მუქარით, შანტაჟით... არ არის ეს სწორი ფორმა. მე ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა დაგვასანქცირონ, იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესს ვიცავ?! ეს არის სწორი? ეს არის ევროპა? თუმცა არაფერი არ მიკვირს, დღევანდელ მსოფლიოში სამართლებრივი პროცედურები აბსოლუტურად მოშლილია და ყველაფერი ფეხქვეშ არის გათელილი. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია რის გამო უნდა დაგვასანქცირონ, ეს არის ევროპული ღირებულებები?!", - განაცხადა კახა კალაძემ.