ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ტელეკომპანია "პირველთან" ამბობს, რომ სპეცრაზემელებმა სასტიას სცემეს, რის შედეგადაც ჩამტვრეული აქვს თვალბუდის ძვალი და ზედა ყბა.
ქაცარავას განცხადებით, მისი ცემა შეკვეთილი იყო.
"ცემის დროს სურათებს და ვიდეოებს მიღებდნენ" -ამბობს ქაცარავა და ეჭვობს, რომ , "მობილურ ტელეფონზე აღბეჭდილ კადრებს სამართალდამცველები საკუთარ დამკვეთებს უგზავნიდნენ".
"დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს უმოწყალოდ და გამეტებით. სპეციალური ხელთათმანები ეკეთათ მათ, რომელზეც კასტეტისმაგვარი გამონაზარდები ჰქონდათ. ზუსტად ასეთი დარტყმებით და ხელთათმანებით ხდებოდა ჩემზე თავდასხმა. გადაიღეს სურათები და თავის დამკვეთებს გადაუგზავნეს. მათი კერძო ინიციატივა არ იყო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო შეკვეთილი ეგზეკუცია. რაც შეეხება ოპერაციას, თვალბუდის ძვალი არის ჩამტვრეული, ასევე ჩამტვრეულია ზედა ყბა, სერიოზული ჰემატომები მაქვს თავზე. ტვინის შერყევა მაქვს საკმაოდ მძიმე ფორმის. ჩატარდა ოპერაცია და ჩამიდგეს პლასტინა", - ამბობს ქაცარავა.
ამ დროისთვის, დავით ქაცარავა ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება. პოლიციამ ის 14 მაისს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.