პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის ფორმატში, დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე მიაწვდის მაქსიმალურ ინფორმაციას იმ მოტივაციასთან დაკავშირებით, რატომაც მიიღება აღნიშნული კანონი, - ევროპისა და ევრაზიის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო'ბრაიენის ვიზიტზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ისაუბრა.
"იყო გარკვეული ინფორმაციები გავრცელებული, თითქოს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების პაკეტთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს ახალი არ არის. თავად ბიძინა ივანიშვილიც აცხადებს, რომ ის არაფორმალური სანქციების ქვეშ ისედაც არის მოქცეული და მას ეს თავისთავად არ აშინებს, როდესაც საქმე დგება ქვეყნის ინტერესებზე და ყოველთვის ნათელია, საითკენ იხრება მისი არჩევანი და რომ მისი გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ყოველთვის ქვეყნის ინტერესებია", - აღნიშნა წილოსანმა.
შეგახსენებთ, 14 მაისს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.
13 მაისს, ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯიმ ო’ბრაიენს საქართველოში"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტის ჩამოაქვს. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია "იმედის" ვებგვერდიდან წაიშალა.
ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი გაიმართა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ჯიმ ო'ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა.
"ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული ორი მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. როგორც კი დასრულდება შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შეხვედრა შეიძლება, შედგეს", - თქვა კობახიძემ.