პარტია "ლელოს" წევრი, პარლამენტარი სალომე სამადაშვილი ეხმიანება ამერიკელი კონგრესმენების წერილს, რომლითაც მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიმართეს.
სამადაშვილის განცხადებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი, კობახიძე და 83 დეპუტატი დასანქცირდებიან.
"ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი ვაშინგტონიდან, რომელსაც ხელს აწერს კონგრესის ძალიან ფართო წარმომადგენლობა. ფაქტიურად ეს გზავნილი, რომლის ადრესატი არის პრემიერ-მინისტრი კობახიძე, არის განკუთვნილი ქართველი ხალხისთვის. უზარმაზარი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს საქართველოს და ქართველ ხალხს, მაგრამ ჩვენ უკვე ოფიციალურად დავადექით ბელარუსის გზას, როდესაც აშშ-ის კონგრესი ამბობს, რომ თუ რუსული კანონი იქნება მიღებული, მოუწევს მიიღოს საქართველოს დემოკრატიის მხარდამჭერი აქტი, ისეთი როგორიც არსებობს ბელარუსისთვის.
მსურს, მოკლედ განვმარტო, რას ნიშნავს ეს განაცხადი. ეს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის, კობახიძის, გომელაურის, რეჟიმის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ხელს აწერენ საქართველოს გასაბჭოების და დემოკრატიის გაუქმების მცდელობას, მათ შორის 83 დეპუტატისთვის, რომელიც ხმას აძლევს ამ კანონს, ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო დონეზე აშშ-ის მიერ იქნებიან სანქცირებული, როგორც ფინანსურად, ასევე, შეიზღუდება მათი გადაადგილება.
ამერიკის მიერ სანქცირება ნიშნავს იმას, რომ თქვენ ოფიციალურად აღმოჩნდებით რუსეთის მოკავშირეთა სიაში და ამერიკა არ იქნება ერთადერთი ადგილი, სადაც თქვენ თავისუფლად ვერ იმოქმედებთ და გაგიჭირდებათ დასავლეთ ევროპაში და ევროკავშირის ქვეყნებშიც გაგირთულდება მოგზაურობაც, ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებაც და თქვენი საკუთრება, თუ გაქვთ სადმე დაასვლეთში, დაექვემდებარება პოტენციურად სანქციებს. ეს ვრცელდება თქვენს ოჯახის წევრებზეც. მარტივად გეტყვით, ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, რომელიც დღეს ამერიკაში სწავლობს და მე მას წარმატებებს ვუსურვებ, მამამისის მიერ საქართველოს გასაბჭოების და დემოკრატიის გაუქმების მცდელობის გამო, შესაძლოა გაუშვან დეპორტაციაზე და გაუუქმონ ამერიკული ვიზა და იგივე შეეხება წილოსანს და ყველა სხვა ქართველ დეპუტატს, რომელსაც შვილი ჰყავს დასავლეთში გაგაზავნილი.
მაგრამ, რას ნიშნავს ეს ქართველი ხალხისთვის. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვიღებდეთ მილიარდობით დახმარებას, რომელიც მიემართება ეკონომიკის განვითარებას იმისთვის, რომ პენსია გაიზარდოს 1000 ლარამდე, 200 000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნას, ანაკლიის პორტი დასრულდეს, ამის ნაცვლად ჩვენ შეგვიჩერდება დახმარება და საქართველო აღმოჩნდება ზუსტად ისეთ, უფრო ზუსტად უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღეს არის ბელარუსი - ეკონომიკურად იზოლირებული და დამოკიდებული ერთადერთ ქვეყანაზე, რუსეთზე.", - ამბობს სამადაშვილი.