ჩვენი ინფორმაციით, დღეს კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენი, რომლებსაც ჯერ მხარდაჭერა არ გამოუხატავთ რუსული კანონისთვის, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბიზნესმენებს აიძულებენ მხარდაჭერა გამოუცხადონ რუუსლ კანონს.
ხაბეიშვილი ბიზნესმენებს მიმართავს და ამბობს, რომ დღეს არის გადამწყვეტი დრო, როცა მათ მარტივი არჩევანი უნდა გააკეთონ ივანიშვილსა და საქართველოს შორის.
"დღეს, ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 4-5 საათისთვის, კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები, ეს ბიზნესმენები დაიბარეს იმიტომ, რომ ვისაც ჯერ არ გამოუხატავს მხარდაჭერა, აიძულონ, რომ რუსული კანონი დაიცვან, მხარი დაუჭირონ და უარი თქვენ ევროპაზე. შესაბამისად, გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ბიზნესმენებს მოსთხოვენ და დაავალებენ, რომ მათი ოჯახის წევრები, შვილები, მეუღლეები, დები, ძმები, არ ვიცი, ბიძაშვილ-მამიდაშვილები, ნათესავები, რომლებიც აქტიურად დადიან, ცხადია, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, აღარ იარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეექმნებათ პრობლემები. და ასევე, ამ ბიზნესმენებს დღეს აპირებენ მოსთხოვონ, რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც, ცხადია, დადიან "არა რუსულ კანონს" აქციაზე და "კი ევროპას", მშვიდობიან მანიფესტაციებში იღებენ მონაწილეობას, უნდათ, რომ ამ ბიზნესმენებს უთხრან, რომ აიძულონ მათი თანამშრომლები, რომ არავინ აქციაზე არ წავიდეს. მე მინდა მივმართო მათ შორის იმ ბიზნესმენებს, ვინც დღეს იქნებიან შეხვედრაზე. უნდა გესმოდეთ, რომ საქართველოს ეკონომიკა დგას დასავლეთზე, ევროპაზე. თქვენი ბიზნესების უდიდესი ნაწილი პირდაპირ დაკავშირებულია და მიბმულია დასავლეთზე და ევროპაზე. უნდა გესმოდეთ, რომ დღეს არის გადამწყვეტი დრო, როცა თქვენ მარტივი არჩევანი უნდა გააკეთოთ - ივანიშვილსა და საქართველოს შორის," - განაცხადა ხაბეიშვილმა.