სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გამოეხმაურა წუხელ, გვიან ღამით დიმიტრი ჩიქოვანზე, გია ჯაფარიძესა და ლაშა ღვინიანიძეზე თავდასხმას.
იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი.
"საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2024 წლის 8 მაისის საღამოს საათებში ცალკეული მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ საფრთხეებზე რაზეც 8 მაისს ჩვენს მიერ გავრცელებულ შეფასებაშია აღნიშნული.
სახალხო დამცველი ხაზგასმით შეახსენებს ყველას, რომ რაც არ უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული და კრიტიკული აზრი, ადამიანების დევნა, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების დაშინება, მოქალაქეებთან ფიზიკური ანგარიშსწორება წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რაც შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვს მყისიერ და ეფექტურ რეაგირებას. მნიშვნელოვანია ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი და ასეთმა შემთხვევებმა არ მიიღოს მასობრივი ორგანიზებული დევნისა და ძალადობის სახე, რაც შეუთავსებელია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდეს სამართალდამცავ ორგანოებს მოახდინონ მყისიერი რეაგირება და განხორციელებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას." ნათქვამია განცხადებაში.