"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია დიმიტრი ჩიქოვანზე, გია ჯაფარიძესა და ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეზე თავდასხმას გამოეხმაურა.
"რეჟიმი სისუსტისგან უფრო ამაზრზენი გახდა და თვისებრივად რუსული, ძალადობრივი კამპანია გაამძაფრა.
პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეებისთვის მოძალადეების მისევა, აქციის მონაწილეებისთვის გინებით ჩამორეკვა, “რეჟიმის მტრების” სიების შედგენა და სულ ახლახანს, გია ჯაფარიძეზე, დიმა ჩიქოვანსა და ლაშა ღვინიანიძეზე ნაბიჭვრული თავდასხმები - ეს ყველაფერი რეჟიმის სისუსტის გამოვლინებაა და არა ძალის.
ივანიშვილის რეჟიმი მუდმივად ცდილობდა თავი მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტად წარმოეჩინა, რომელსაც “გლობალური ომის პარტია” (ანუ დასავლეთი) და “არეულობისა და ძალადობის“ მოსურნე პოლიტიკური ოპონენტები უპირისპირდებიან.
ამავე ყალბი შთაბეჭდილების გასამყარებლად იყენებდნენ და იყენებენ პროპაგანდისტულ სლოგანს "არ აგარევინებთ".
სინამდვილეში, ერთადერთი ომის პარტია, რომელიც საკუთარ ხალხთან და მთელ თავისუფალ სამყაროსთანაა დაპირისპირებული, ერთადერთი ძალადობრივი არეულობის წყარო და რუსეთთან ერთად ჩვენი თავისუფლების, ღირსებისა და უსაფრთხოების მთავარი მტერი არის ივანიშვილი და მისი რეჟიმი.
ეს ყველაფერი, რასაც დღეს ვხედავთ, ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ მაგრად ეშინიათ იმ ძალისა და ერთიანობის, რომელიც საზოგადოებამ აჩვენა ქუჩაში პროტესტით.
სწორედ ამიტომ, პროტესტი უნდა გაგრძელდეს და უფრო გაფართოვდეს - რეჟიმი ისეთივე მდგომარეობაში უნდა აღმოჩნდეს, როგორშიც კომუნისტები იყვნენ 1990 წლის მიწურულს.
არა რუსულ რეჟიმს!"