საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება ვნახეთ, რომელიც, პირდაპირ რომ ვთქვათ, მათ სისუსტესა და შიდა ჩამოშლაზე მიუთითებს. სხვა არაფერი შეფასება არ უნდა გავაკეთოთ იმ რეალობას აცდენილ განცხადებებზე, რომლებიც მან აკეთა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, სირცხვილია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს.
„ჩვენ ალბათ ყველას გვახსოვს, ასლან აბაშიძე აპირებდა ასეთი სიების გაკეთებას და ხუთ დღეში მისი ხელისუფლება დამთავრდა. დარწმუნებული ვარ, არც ეს ვითომდა, მათი აზრით, მორალური პოლიცია, რომლის ჩამოყალიბებაც უნდათ, და არც ეს სიები არ იმუშავებს.
ჩვენი სრული მხარდაჭერა პროტესტში მონაწილე ყველა ადამიანს და ყველას უფლებებს დავიცავთ, ყველას გვერდში დავუდგებით. რაც მთავარია, ქვეყანა და ერი ერთიანია.
ახლა მინდა, შალვა პაპუაშვილს დავუსვა კითხვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ?! რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე?! ახალგაზრდებს რომ თავპირი დაამტვრიეთ, თქვენი კოლეგა ლევან ხაბეიშვილი სასტიკად რომ ცემეს და ანგარიში გაუსწორეს თქვენ თვალწინ, ერთი სიტყვა ამაზე არ გითქვამთ. ყველაფერს როგორ აყალბებთ?! საერთოდ ვინ ხართ?! საიდან მოხვედით?! როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს თქვენი არაადეკვატური განცხადებები?!
მაგრამ მე ხომ ძალიან კარგად ვიცი და ბევრი ინფორმაცია გაქვთ შიგნით, როგორი მძიმე ვითარება გაქვთ საჯარო სამსახურში, პოლიციაში, მათ შორის პარლამენტის წევრებს შორის, სადაც ძალიან ბევრი ფიქრობს უკვე, რომ თქვენს ამ ანტიქართულ-მოღალატეობრივ ქმედებას ხელი არ უნდა მოაწერონ. ეს ყველაფერი რატომ ხდება ქვეყანაში?! იმიტომ, რომ თქვენმა მბრძანებელმა გადაწყვიტა, რუსული კანონი მიიღოს და ავტორიტარული რეჟიმი დაამყაროს საქართველოში. საქართველოში, რომელიც არის ღირსეული, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების ქვეყანა და თქვენ ვის უპირისპირდებით?! ახალგაზრდა თაობას უპირისპირდებით?! ქართველ ხალხს უპირისპირდებით, რომელსაც გულწრფელად უნდა ამ ქვეყნის გაერთიანება და გაძლიერება?! ამ სისულელეების ბოდვას და როშვას მოეშვით, მოეგეთ გონს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, ვიწყებთ, მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს”.