„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აბსოლუტურად ყველა საზღვრები გადალახა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძე "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ მონაცემთა ბაზის შექმნის შეფასებისას განაცხადა და აღნინა, რომ ეს რეპრესიების დაწყებას ნიშნავს.
„აბსოლუტურად ყველა საზღვრები გადალახა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. ყველა კანონი, აგენტების რუსული კანონით დაწყებული დამთავრებული სხვა კანონებით და მათ შორის აი, ამ რეესტრის შექმნა ემსახურება ერთ მიზანს: დაიწყოს რეპრესიები და ამ რეპრესიების შედეგად შეინარჩუნოს „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება. ძალიან მძიმედ დაამთავრებს „ქართული ოცნება“. ეს არის დაუშვებელი და ამას მოჰყვება ძალიან მძიმე შედეგები“, - ამბობს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, ვიწყებთ, მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს”.