ეს ვიზიტიც ნათლად მეტყველებს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აპირებენ ქართველი ხალხის მიტოვებას ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში, - ამის შესახებ"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იოჰან ფორსელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჭიაბერაშვილის თქმით, გამარჯვება აუცილებლად ქართველი ხალხის მხარეს იქნება, რადგან მთელი მსოფლიო ახლა სწორედ საქართველოს მოქალაქეების გვერდშია.
“ეს ვიზიტიც ნათლად მეტყველებს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აპირებენ ქართველი ხალხის მიტოვებას იმ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში, რასაც ჰქვია ქვეყნის ევროპული მომავალი, ქვეყნის დამოუკიდებლობა სუვერენიტეტი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ "ქართული ოცნება", ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დაუპირისპირდა ქართველ ხალხს და ამ დაპირისპირებაში გამარჯვება აუცილებლად იქნება ქართველი ხალხის მხარეს გამომდინარე იქიდან, რომ მთელი მსოფლიო, ჩვენი დასავლელი პარტნიორები დგანან ჩვენს გვერდით, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.