"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც გუშინდელ აქციაზე სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა, პარლამენტში მივიდა.
"სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს, ასეთ ფიზიკურ მდგომარეობაში, ძალიან ბევრმა ბავშვმა და ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ და არამარტო ახალგაზრდამ, გაიღვიძა. სამწუხარო რეალობაა, რომ ასე გამეტებით სცემეს ადამიანები. რა თქმა უნდა, რთული ღამე იყო ამ ახალგაზრდებისთვის, ამ ბავშვებისთვის. თუმცა, სავარაუდოდ, უფრო რთული იყო იმ ხალხისთვის, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, რადგან მათ ესმით, რომ არანაირი პოლიტიკური, მორალური შინაარსი ამ ადამიანებს აღარ გააჩნიათ. ამიტომ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ არ გავიღიმებთ, იმიტომ, რომ კბილი გამოგვეცლება ან თვალს ვერ გავახელთ, ძალიან შემცდარა. გავიღიმებთ იმიტომ, რომ საქართველო გაიმარჯვებს. გაიმარჯვებენ ეს ახალგაზრდები, გაიმარჯვებს საქართველოს ევროპული მომავალი! აუცილებლად გაიმარჯვებთ თქვენ! ერთი რამ მინდა ვუთხრა ხელისუფლებას. თვალი, რომელიც ამ მდგომარეობაში მაქვს, არ ვიცი აქედან გამოვიხედავ თუ არა ან რამდენი პროცენტით გამოვიხედავ, მაგრამ მთავარია ქვეყანამ გამოიხედოს თვალებიდან...," - განუცხადა ხაბეიშვილმა მედიას.