„ქვეყნის თავდაცვის ძალებს ვულოცავ დღევანდელ დღეს. შეუვალია მათი მსახურება თავდადება და გმირული ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. წმინდაა თითოეული წვეთი მათ მიერ ამ მიზნით გაღებული სისხლისა და არავის აქვს არც პოლიტიკური, არც მორალური უფლება, საფრთხეში ჩააგდოს ამ უზარმაზარ ფასად მოპოვებული თავისუფლება“, - განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, არასდროს ყოფილა ქვეყნის სტრატეგიული და კონსტიტუციური მიზნების შესრულების შესაძლებლობა, ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფის შანსი ასე რეალური, როგორც დღეს.
„ამ დროს ქვეყნის სათავეში მყოფი ადამიანები აღმოჩნდნენ ყველაზე დიდი საფრთხე ამ შანსის გამოყენებისთვის“, -განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, თავისუფლების ბრძოლით მოპოვებულ ენასთან, მამულთან და სარწმუნოებასთან ერთად საქართველოს აქვს ერთი შეუცვლელი მოცემულობა, ეს მოცემულობაა - ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოსახლეობის სწრაფვა.