„გუშინ აქ, საქართველოს დედაქალაქში, საკანონმდებლო ორგანოს წინ 200 ათასზე მეტი ქალი და კაცი, ერი და ბერი იდგა და მხარს უჭერდა ქვეყნის სუვერენიტეტს, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნებას, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, გამჭვირვალეობას, ღიაობას, საჯაროობას, ჭეშმარიტ დემოკრატიას, ქვეყნის ევროპულ განვითარებას ღირსებით, ორ ფეხზე დგომით, ქვეყნის ტრადიციების, მორალის, ეკლესიის პატივისცემით, ერთურთის სიყვარულით და ერთურთის გატანით“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ქართველი ხალხის უდიდესმა ნაწილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს გაუმჭვირვალობას, „შავი ფულის“ შემოდინებას პოლიტიკური პროცესების დასაფინანსებლად, გაყალბებულ პარალელურ დათვლებს, რევოლუციური სცენარების შეთხზვას და ფსევდოლიბერალური ღირებულებების თავსმოხვევას, ქვეყნის სტაგნაციას, ომს და სანქციებს, რომელიც ეკონომიკის ჩამოშლით ემუქრება ჩვენს ქვეყანას.
დავით მათიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა გასულ კვირას დასავლეთ საქართველოს რეგიონებში გამართულ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრებზე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი მშვიდობიანი მისწრაფება ევროპისკენ.
„ჩვენ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ავუხსენით რა არის საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველი, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად მკაცრად უნდა დავიცვათ ყველა ადამიანის უფლება, როგორი წესითაც არ უნდა ცხოვრობდეს, უნდა დავიცვათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამავდროულად, ჩვენი შვილები ოჯახები, საზოგადოება დავიცვათ ფსევდოლიბერალური ღირებულებების მოზღვავებისგან, პროპაგანდისგან, რომელიც კარგს არაფერს ჰპირდება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვიგრძენით, რომ ჩვენი, მმართველი ძალის და ქვეყნის მოსახლეობის, საზოგადოების ინტერესი არის იგივე - „არა ფსევდოლიბერალურ ღირებულებების პროპაგანდას“, „არა ოჯახური ტრადიციების შებღალვას“ და „დიახ, ტრადიციებით და ღირსებით სვლას ევროპისკენ!“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.