მუსიკოსმა დავით ევგენიძემ „ნეტგაზეთთან“ განაცხადა, რომ მისი ციტატა რელიგიასა და ქვეყნის ბატონობასთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაციებით გავრცელდა.
როგორ გამოცემა აღნიშნავს, ტელეკომპანია 28 აპრილს გაავრცელა ევგენიძის ციტატა: „მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერავინ გახდება ჩვენი ბატონი, ვართ ჩვენი მრწამსის, რელიგიის მატარებლები, მადლობა, რომ ქართველი ვარ.“
გამოცემა აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიას ციტატის გავრცელებისას არ აუხსნია კონტექსტი, რა დროსა და ვითარებაში თქვა მუსიკოსმა ეს ფრაზა. მალევე, ციტატა სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მუსიკოსი ამ განცხადებით ევროკავშირისა და დასავლეთის წინააღმდეგ გამოდიოდა.
დავით ევგენიძემ ფრაზა საბავშვო მუსიკალურ პროექტ „რანინას“ ერთ-ერთი მონაწილის შეფასებისას თქვა, რომელმაც კონკურსში „ჩაკრულო“ შეასრულა.
„კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, ოღონდ არა მარტო საქართველოსთვის, მთელმა მსოფლიომ მინდა გაიგოს — ვერასდროს ვერავინ ვერ გახდება ჩვენი ბატონი. არ არსებობს! ჩვენ ვართ ჩვენი მრწამსის, ჩვენი რელიგიის მატარებლები და სანამ კაცობრიობა არსებობს, საქართველო იქნება ისეთი, როგორიც დღეს მოვისმინეთ ამ სცენაზე“, - ამბობს ევგენიძე მუსიკალური კონკურსის მონაწილეების შეფასებისას. ეს გადაცემა „პირველი არხის“ ეთერით შაბათს, 27 აპრილს გადაიცა.
„ნეტგაზეთთან“ საუბრისას ევგენიძემ განმარტა, რომ გადაცემა დაახლოებით თვე-ნახევრის წინ ჩაიწერა, როცა კანონი დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა. რუსული კანონის შემობრუნების შესახებ „ოცნებამ“ აპრილის დასაწყისში განაცხადა და მისი საწინააღმდეგო პროტესტი სწორედ მას შემდეგ დაიწყო.
„ძალიან სასაცილოა [ინტერპრეტაციები, რომელიც ამ ნათქვამს მოჰყვა] და გეტყვით, რატომ: მე ეს ციტატა ვთქვი „რანინაზე“. ეს იყო ჩანაწერი, რომელიც ეთერში გავიდა ამ შაბათს, ამ დროს, ეს იყო [ჩაწერილი] თებერვლის დასაწყისში.
ჩაკრულოში არის ასეთი ტექსტი: „მუხრან ბატონის ყმობითა, ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა“ და „ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა, თავს დავანგრიოთ ბანია“. სიმღერასთან დაკავშირებით ვთქვი, რომ საქართველოს არ ეყოლება ბატონი-მეთქი. კონკრეტულ სიმღერასთან დაკავშირებული კომენტარია. ეს გამოიყენეს … ცოტა სასაცილო არის უკვე, რაც ხდება. აბსურდია. კონტექსტს მოუსმინონ, სიმღერას მიუსმინონ და მიხვდებიან ყველაფერს. სიმღერაშია, „ჩაკრულოშია“… ქართული თუ არ იციან, ეგ მაგათი პრობლემაა“ , -ამბობს დათო ევგენიძე.