პარტია „ახალის“ წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს გაუჭირდებათ თავის პათოსში გააგრძელონ აშშ-ის, მათ შორის სენატორების კრიტიკა, რასაც აკეთებენ ევროპარლამენტარებთან მიმართებაში.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში, შეგვაჩვიეს ევროკავშირთან და ევროპარლამენტარებთან უდიერ დამოკიდებულებას. ამ შემთხვევაში, თვითონაც ფრთხილობენ.
ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ბევრი წლის განმავლობაში გვერდში უდგას ჩვენს ქვეყანას, ძალიან დიდი თანხა – ასობით მილიონი დოლარი განსაკუთრებით სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაზე მოდიოდა. მე გამოვყოფდი ერთ პასაჟს, სადაც გარკვევით წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც იქნება ქართველი ხალხის გვერდში, რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი საზოგადოების გვერდში ევროინტეგრაციის პროცესში და რაც აქვს ახლა გასაკეთებელი „ქართულ ოცნებას“, არის მხოლოდ ერთი გამოსავალი – უკან უნდა გაიწვიოს კანონი. აქ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ან ცივილური სამყაროსკენ მივდივართ, ან მიგვათრევენ რუსეთისკენ, რომელიც ფაქტობრივად იზოლირებულია ცივილიზაციას. გაუჭირდებათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს თავის პათოსში გააგრძელონ ამერიკის შეერთებული შტატების, მათ შორის სენატორების კრიტიკა, რასაც აკეთებენ ევროპარლამენტარებთან მიმართებაში. ცოტა სხვა ხარისხია, სიმძაფრეც განსაკუთრებულია, მე არ მახსოვს მსგავსი მძიმე განცხადება, მაგრამ მოსალოდნელი იყო“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.(პირველი არხი).
შეგახსენებთ, 14-მა ამერიკელმა სენატორმა საქარველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „კანონპროექტი თუ იქნება მიღებული, იძულებული ვიქნებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება საქართველოს მიმართ“.