რუსული კანონი არ არსებობს, რუსული კანონი არის რუსეთში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განუცხადა.
„ამ კანონის მიზანი გახლავთ გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. იქნება ეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, საია და სხვა ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობო და მედია სექტორს წარმოადგენს. დაფინანსების 20% თუ უცხოეთიდან მომდინარეობს, ისინი იქნებიან ვალდებული დარეგისტრირდნენ რეესტრში. ერთადერთი, რისი პასუხისმგებლობაც ექნებათ ამ ორგანიზაციებს, გამოააშკარაონ შემოსავლები და ხარჯები“,-განაცხადა მათიკაშვილმა.
მათიკაშვილის თქმით, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ღირსებით და არა ცალ ფეხზე დგომით მიღო.
„ევროპარლამენტში არაერთგზის მოუთხოვიათ კრიმინალ სააკაშვილის გათავისუფლება. ამის გარეშე ყოფილა პირდაპირი მუქარა, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ მიიღებდა. ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ღირსებით და არა ცალ ფეხზე დგომით მიღო, ასევე საქართველოს ინტეგრაციის სრული პერსპექტივით ევროკავშირში. ვერავინ ვერ წარმოიდგენს, რომ გამჭვირვალეობის მოთხოვნა, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და ევროპული ღირებულებისადმი ერთგულება შესაძლებელია გახდეს რაიმე ფორმით ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემაფერხებელი, მითუმეტეს, რომ ამ საუბრების გარდა, რეალური ერთი არგუმენტი მაინც, რატომ შეიძლება იყოს ეს კანონპროექტი საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, არავის, მათ შორის ევროპარლამენტარებს არ წარუდგენიათ. რა თქმა უნდა, ევროპული ღირებულებები არის მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალეობა, კანონის უზენაესობა“,-განაცხადა მათიკაშვილმა.