რუსეთის პატრიარქმა კირილმა სასულიერო პირს დმიტრი საფრონოვს, რომელიც ალექსეი ნავალნის საფლავზე გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში პანაშვიდს აღავლენდა, მღვდელმსახურება სამი წლით აუკრძალა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია პატრიარქის განკარგულებაში, რომელიც მოსკოვის ეპარქიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსკოვში, ლიშჩიკოვას ბორცვზე მდებარე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შუამავლის ტაძრის სამღვდელოებას ეკრძალება კურთხევის აღსრულება, სამღვდელო ჯვრის ტარება. სამი წლის განმავლობაში მღვდელი საფრონოვი გაიგზავნება მოსკოვის ნოვიე ვოროტნიკის წმინდა პიმენ დიდის ეკლესიაში ფსალმუნის მკითხველის მოვალეობისა და იმ დავალებების შესასრულებლად, რომელსაც მისთვის წინამძღვარი განსაზღვრავს.
„მონანიების დასასრულს, მიიღება გადაწყვეტილება მისი შემდგომი სამღვდელო მსახურების გაგრძელების შესაძლებლობის შესახებ“, - ნათქვამია პატრიარქის განკარგულებაში.
ნავალნის საფლავზე პანაშვიდის გარდა, მანამდე საფრონოვმა საჯაროდ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას გადაეცათ პოლიტიკოსის ცხედარი მისი ოჯახისთვის.
ასევე, როგორც ტელეგრამ-არხები წერდნენ, საფრონოვმა უარი თქვა " წმიდა რუსეთის გამარჯვებისთვის ლოცვის“ წაკითხვაზე. 2022 წლის სექტემბრიდან მოსკოვის ეპარქია მოითხოვს ყველა ეკელსიაში მრევლმა ეს ლოცვა წაიკითხოს.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს კოლონიაში დაიღუპა. 19 თებერვალს ოპოზიციონერის დედა სალეხარდის მორგში მივიდა, სადაც მისი შვილის ცხედარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არც ის და არც ადვოკატი ადგილზე არ შეუშვეს. 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ლუდმილა ნავალნაიას ულტიმატუმი წაუყენეს, რომ დათანხმებულიყო შვილის საიდუმლოდ, წყნარ დაკრძალვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ნავალნის ცხედარს კოლონიაში დაკრძალავდნენ. საბოლოოდ, ნავალნის ცხედარი დედას 24 თებერვალს გადასცეს.