აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ყველა გაერკვეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სულისკვეთებაში.
რიჟვაძის თქმით, საქართველოში ყველა მოქმედი იურიდიული პირი უნდა ადეკლარირებდეს უცხოეთიდან მიღებულ შემოსავლებს.
„ვიდრე ახსენებთ, ეს კანონი რუსულია თუ ქართული, ალბათ ყველამ იცით, კანონს რა ჰქვია. ვიდრე სახელდებებს გამოვიყენებთ, მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონის სულისკვეთებაში ყველა გაერკვეს. მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქმედი იურიდიული პირი, წლის ჭრილში ადეკლარირებდეს შემოსავლებს, რომლებიც მიღებულია უცხოეთიდან“, – განაცხადა რიჟვაძემ.
როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, ქვეყანაში მოქმედი ორგანიზაციები საიდან ფინანსდებიან და რა კონკრეტულ ინტერესებს ატარებენ.
ამასთან, თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი ძალები პროფესიონალურად მოქმედებენ.
„შეიძლება, ევროპელებსაც ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვასწავლოთ, როგორ უნდა გავცეთ პასუხი აგრესიაზე და მათ შორის ზღვარგადასულ ბულინგზე. აგრესიას, რომელიც იყო დაფიქსირებული, გაეცა შესაბამისი პასუხი. ჩვენ ყველას ვასწავლეთ, რომ პროპორციული ძალის ფარგლებში ხდება უწყებების მოქმედება. დაზიანდნენ ასევე სამართალდამცველები, ასე რომ, მაქსიმალური მხარდაჭერა მათ. თქვენ ნახეთ ამ ხელისუფლების პირობებში, როგორ მოქმედებს პოლიცია. ყველაფერი მიდის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განუცხადა თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს.