ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია 6 პირი, მოვინახულე ექვსივე. მათგან ორი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანმა პარლამენტთან საპროტეტსო აქციაზე დაკავებულ პირებზე საუბრისას განაცხადა.
„ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია 6 პირი, მოვინახულე ექვსივე. მათგან ორი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას არკვევს ჩვენი წარმომადგენელი და ჩვენ ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მივადევნებთ თვალყურს გამოძიების პროცესს“.
ომბუდსმენის თქმით, დღესვე მოინახულებს სხვა იზოლატორში მყოფ დაკავებულებს.
„მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ წინასწარი დაკავების დაწესებულებებთან. ვიცით, რომ ერთი ადამიანი გადაყვანილია ბოკერიას სახელობის კლინიკაში. აქედან მივდივარ დიღმის იზოლატორში, სადაც ასევე რვა პირი იმყოფება. მათაც შევხვდები. მინდა, მათგან მქონდეს ინფორმაცია, რა გარემოებებში მოხდა მათი დაკავება”, – განაცხადა იოსელიანმა.