სამოქალაქო მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერმა ეკა ბესელიამ 2010 წელი შეაფასა.
ბესელიას აზრით, 2010 წელს ხდებოდა ადამიანთა უკანონო დაკავება-დაპატიმრება და უკანონოდ გასამართლება, სასამართლო, პროკურატურა და პოლიცია კი პოლიტიკურ დიქტატს დაქვემდებარებული იყო.
როგორც ის აღნიშნავს, 2010 წელს ხდებოდა პოლიტიკური დევნა და რეპრესიები ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანების მიმართ.
"წლის ყველაზე დიდი ტრაგედიად და ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გათელვის შემზარავ შედეგად ნანა ფიფიას თვითმკვლელობამდე მიყვანა მიმაჩნია.
ამ ტრაგედიას მაშტაბში თუ დავინახავთ სააკაშვილის ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის მიზანმიმართულ გენოციდს ეწევა და ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებს. A
ამგვარად ხვდება სააკაშვილის დე-ფაქტო რეჟიმი ახალი წლის დღეებს, როდესაც ხელისუფლება უდარდელად იზეიმებს და ხალხის ბიუჯეტს კონცერტებსა და ფეირვერკებში დაუნანებლად დახარჯავს, ხოლო გმირთა მოედანზე მემორიალთან ვეტერანები იშიმშილებენ სოციალური სამართლიანობის მოთხოვნით, ხოლო დევნილები კარავში შეხვდებიან ახალ წელს", - აღნიშნულია ბესელიას მიერ 2010 წლის შემაჯამებელ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2010 წელს მედია სივრცე იყო კონტროლირებული და მოხდა დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის მცდელობა (ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომლების მიმართ თავდასხმა, თრიალეთის დამფუძნებლის ნანიტაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობა).
"ციხეებსა და საპატიმროებში პატიმართა მაღალი სიკვდილიანობა, მათ მიმართ ღირსების შემლახავი და ხშირად სასტიკი, არაადამიანური მოპყრობა. სახელისუფლებო რეკეტისა და თავდასხმის ქვეშ მყოფი ბიზნესი, ბიუჯეტისთვის უკანონო მეთოდებით აკრეფილი გადასახადები. საკუთრების უფლების ხელყოფა და უკანონოდ ჩამორთმევა. უკანონო და დაუსაბუთებელი ჯარიმა-საურავები, უსამართლო გადასახადები. სოციალური უსამართლობა, სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი, უმწეო ადამიანთა რაოდენობის კატასტროფული ზრდა, მათი დაუცველად, ღვთის ანაბარა მიტოვება. დევნილთა ქუჩაში მასიური გამოყრა და მათ მიმარ სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა. დაუცველი მოსწავლეები და მათ მიმართ განხორციელებული სპეცოპერაცია დაშინებისა და პროტესტის ჩახშობის მიზნით. ძალადობის შემაშფოთებელი ფაქტები ჯარისკაცების მიმართ, გამოუძიებელი დანაშაულებრივი ფაქტები. ადვოკატების მიმართ პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლა, დიკრიმინაცია და 200-მდე დაპატიმრებული ადვოკატი", - ასე აფასებს 2010 წელს ეკა ბესელია.