ირანმა თურქეთს წინასწარ აცნობა ისრაელის წინააღმდეგ დაგეგმილი ოპერაციის შესახებ, რომელიც 14 აპრილის ღამეს განხორციელდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს წყაროებმა განაცხადეს, რომ თავის მხრივ, შეერთებულმა შტატებმა, თურქეთის მეშვეობით, გადასცა ირანს, რომ მისი ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს „გარკვეული საზღვრების ფარგლებში“.
„საპასუხოდ ირანმა განაცხადა, რომ რეაგირება იქნება პასუხი ისრაელის თავდასხმაზე დამასკოში მის დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე და რომ ეს არ გასცდება ამ ჩარჩოებს“, - აღნიშნა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
თურქული წყაროს თქმით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი გასულ კვირას ესაუბრა თავის ამერიკელ და ირანელ კოლეგებს, რათა განეხილათ ირანის დაგეგმილი ოპერაცია.
სააგენტოს თანამოსაუბრემ დასძინა, რომ ანკარა ინფორმირებული იყო მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ.
გარდა ამისა, თურქეთის უსაფრთხოების სააგენტოს წყაროს ცნობით, აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს დირექტორი უილიამ ბერნსი ესაუბრა თურქეთის დაზვერვის უფროსს იბრაჰიმ კალინს და სთხოვა, ემოქმედა როგორც „შუამავალს“ ისრაელ-ირანის დაძაბულობის მოგვარების საკითხში.
ამასთან, წყაროს ინფორმაციით, მათ ასევე განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის მცდელობები ღაზაში.
14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა მოიგერიეს. თავდასხმისას დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი. ამერიკის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, ისრაელს თავდასხმის მოგერიებაში ამერიკული ძალები დაეხმარნენ.