შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ისრაელზე ირანის თავდასხმის სცენარს "სავსებით შესაძლებლად" მიიჩნევს. ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ჩვენ ვაგრძელებთ ირანის მხრიდან პოტენციური საფრთხეების შეფასებას, როგორც რეალისტურს და სავსებით შესაძლებელს", - თქვა კირბიმ.
ამავდროულად, კირბიმ უარი თქვა სადაზვერვო ინფორმაციის გამჟღავნებაზე, რამაც შეერთებულ შტატებს ამ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა მისცა. კირბიმ ასევე უარი თქვა ცნობების დადასტურებაზე, რომ ირანის თავდასხმა "გარდაუვალია".
კირბიმ განმარტა, რომ შეერთებული შტატები დაიცავს ისრაელს.
გარდა ამისა, კირბიმ განაცხადა, რომ ამ მოვლენების ფონზე, ამერიკულ სარდლობას მოუწია ცვლილებები შეეტანა რეგიონში აშშ-ის ჯარების პოზიციაში.
1-ელ აპრილს თეირანმა და დამასკომ განაცხადეს, რომ ისრაელმა იერიში მიიტანა სირიის დედაქალაქში ირანის საკონსულოზე. თავდასხმას ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორი გენერალი შეეწირა. ირანმა პირობა დადო, რომ ამ თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია როდის და როგორ გააკეთებს ამას.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის უპასუხოდ არ დატოვებს თავდასხმას, საიდანაც უნდა მოდიოდეს იგი.
გასულ ოთხშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს ისრაელს ირანის საფრთხეებთან გასამკლავებლად.