კანცლერმა შოლცმა თქვა, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირთან. ეს კანონი არის საქართველოს მოქალაქეების, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ წასვლა, ამიტომ გაიწვიეთ უკან. მიუხედავად იმისა, რომ აწყობილი გაქვთ ძალადობრივი სისტემა, ქართველი ხალხი მზად არის თქვენსავე დაგეგმილ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და მეტიც, გააფორმოს ეს გამარჯვება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ რუსული კანონი საქართველოს მოქალაქეებს არაფერში სჭირდებათ, რადგან მათ კეთილდრეობას არაფერს არგებს.
“ქართველ ხალხს არ დაუმსახურებია ივანიშვილის ხელსიუფლების მხრიდან აგრესიული ენით საუბარი, მუქარა, რომ მაინც გაიტანენ რუსულ კანონს. სურთ, რომ შეაშინონ ქართველი ხალხი, აგდებულად ესაუბრებიან, ჩემდა სამწუხაროდ ამ დღეების განმავლობაში ვხედავ ხელისუფლების წარმომადგენლები როგორ ესხმიან თავს საზოგადო მოღვაწეებს, სპორტსმენებს, მსახიობებს, მოცეკვავეებს, ჟურნალისტებს. დღეს ჩვენ ვნახეთ გერმანიის კანცლერის მკაფიო პოზიცია, რომ ეს კანონი ევროკავშირთან არის შეუთავსებელი და ევროკავშირი და გერმანია ელოდება, რომ ამ კანონს არ მიიღებენ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლება ესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეების, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ წასვლა არ არის ქართველი ხალხის მოთხოვნა. არც ის მოუთხოვია ქართველ ხალხს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ულტიმატუმით ვესაუბროთ და მუშტები ვუქნიოთ, ამას არ ითხოვს ქართველი ხალხი, ქართველი ხალხი ითხოვს ეკონომიკურ კეთილდღეობას, უსაფრთხოებას და განვითარებას. ეს კანონი რომ მიიღოს ივანიშვილის ხელისუფლებამ რა ხდება? სამსახურები იქნება ბევრი? ფასები დაიკლებს? საწვავი გაიაფდება? ნაკლები კომუნალური გადასახადი მოუვა? ემიგრაციაში აღარ წავლენ ჩვენი მოქალაქეები? ეს ასე არ მოხდება, ეს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის არ კეთდება, ეს კეთდება მხოლოდ ერთადერთი რამის გამო, რომ ხელები გადაუგრიხონ ხალხს, რომ დააშინონ, რომ მიიღონ რუსული კანონი, რომ მათსავე ენაზე „პატაკი“ ჩააბარონ რუსეთის ხელისუფლებას. ცხადია, ეს არ არის საქართველოს მოქალაქის დაკვეთა, შესაბამისად თუ ვინმეს გონება შერჩენია ხელისუფლებაში გაიწვიეთ ეს კანონი უკან, მოდის არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ აწყობილი გაქვთ ძალადობრივი სისტემა, ქართველი ხალხი მზად არის თქვენსავე დაგეგმილ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და მეტიც, საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს და შემდეგ გააფორმოს ეს გამარჯვება. მიეცით ქართველ ხალხს ამ გადაწყვეტილების მშვიდად მიღების შესაძლებლობა. დღეები, კვირები უნდა იხარჯებოდეს ადამიანზე ზრუნვაში, ადამიანების პრობლემების მოგვარებაში, რომ ნაკლები გადასახადები ჰქონდეთ, რომ მეტი ანაზღაურება ჰქონდეთ, რომ ემიგრაციაში არ გარბოდნენ, რომ დემოგრაფიული კატასტროფა არ ხდებოდეს ქვეყანაში და შობადობა არ იკლებდეს. ეს არის თემები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში აწუხებს ქართველ ხალხს. ამიტომ, დღევანდელმა გერმანიის კანცლერის განცხადებამ მინიმუმ უნდა უზრუნველყოს უმრავლესობის წევრების დაფიქრება, ეს კანონი არ ჭირდება არავის, ეს კანონი არ ჭირდება ქართველ ხალხს, ეს კანონი არ დაუკვეთავს ქართველ ხალხს თქვენთვის, ამიტომ გაიწვიეთ ეს კანონი უკან და მიეცით საქართველოს მოქალაქეებს მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა და არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.