მაშინ, როდესაც ხედავ, რომ დასავლეთი გაკრიტიკებს და რუსეთი გაქებს, აქ ყველანაირი კითხვის ნიშანი გამქრალია,” - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ ტვ პირველის ეთერში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
სოფო ჯაფარიძის თქმით, ივანიშვილის მიზანია, რუსეთთან დაახლოოს ქვეყანა, თუმცა მისივე თქმით, ქართველი ხალხი ამ საკითხში ერთიანია, მათ ევროპასთან დაახლოება უნდა.
„მე ვფიქრობ, რომ მაშინ, როდესაც მთელი დასავლეთი გიპირისპირდება და აკრიტიკებს კანონს, რომლის მიღებაც გინდა და ერთადერთი, ვინც გიწონებს კანონს, ეს არის პუტინის პრესსპიკერი, ყველანაირი კითხვის ნიშანი არის გამქრალი და ვფიქრობ, რომ მათთან ამაზე დისკუსიაში არ უნდა შევიდეთ.
ერთადერთი, რატომაც შემოიტანეს ხელახლა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც დაკარგა სადავეები, დაანახოს რუსეთს, მოაწონოს თავი, რომ მას ისევ ყველანაირი ბერკეტი გააჩნია ქართველ ხალხზე და პირველ რიგში, ერთადერთი მიზნით, რომ ევროინტეგრაციას შეუშალოს ხელი, მთავარი მიზანი არის ეს, იმიტომ, რომ კიდევ უფრო მეტად მოაწონოს რუსეთს თავი. მაგრამ ისინი არ ან ვერ ხვდებიან, რომ დღეს ქართული საზოგადოება ისეთი ერთსულოვანია, როგორც არასდროს, დღეს ქართველ ხალხს გვერდით უდგას მთელი დასავლეთი,” - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
როგორც სოფო ჯაფარიძე ამბობს, მნიშვნელობა არ აქვს, რას იზამს რუსულ კანონზე ხელისუფლება, ქართველ ხალხთან ხელისუფლება დამარცხებულია. სოფო ჯაფარიძის თქმით, პროტესტი გარდაუვალია.
გაიტანენ თუ ვერ გაიტანენ, უკან დაიხევენ თუ ქართველ ხალხს დაუპირისპირდებიან, ფაქტი არის ერთი, რომ დღეს ხელისუფლება დამარცხებულია, დღეს ქართულ ოცნებას ქართველი ხალხისგან და დასავლელი მეგობრებისგან აქვთ წითელი ბარათი. დიახ, ქართველი ხალხი კიდევ ერთი გამარჯვებისთვის ემზადება, აუცილებლად გავიმარჯვებთ და კიდევ ერთხელ ვეტყვით რუსულ კანონს არას და ძალიან მალე რუსულ ხელისუფლებას ვეტყვით არას.
მე ვიცი, რომ წინა ხაზზე ვიბრძოლებ, შევუვარდები რეზინის ტყვიასაც, წყლის ჭავლსაც, გაზსაც, იმიტომ, რომ რა ვუთხრა დედაჩემს, რომელიც 35 წლის წინ, 9 აპრილს, 7 თვის შვილთან, ჩემთან ერთად იდგა რუსთაველზე, ტანკების წინ, რას ვეტყვი ბაბუაჩემს, როგორ მივალ ბაბუაჩემის საფლავზე - ყველაზე დიდ პატრიოტთან, ვახტანგ ყიფიანის საფლავზე, მთელი ბავშვობა რაც მახსოვს, მის კაბინეტში დაკიდებული ფოტო, სადაც იყვნენ 9 აპრილს დაღუპული გოგოები და ბიჭები, როგორ უნთებდა ყოველ საღამოს სანთელს და რას ვეტყვი ჩემს შვილებს და მათ მეგობრებს, დღეს თუ არ ვიბრძოლებთ, ხვალ რუსეთში გაიღვიძებენ ჩვენი შვილები.
ვიცი, რას იზამს ქართველი ხალხი, რომლებმაც არ იციან შიში, მაგრამ იციან ბრაზი... აუცილებლად მოვერევით ამ სიბოროტეს, რასაც ჰქვია რუსეთი და ძალიან მალე დავამარცხებთ უიმედობას, ნიჰილიზმს," - ამბობს სოფო ჯაფარიძე.