ილიას დატოვებულ საქმეს რაცხავენ უცხო ქვეყნის სამსახურად, ესენი არიან სერგო ორჯონიკიძის, ფილიპე მახარაძის შთამომავლები, - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
ჩერგოლეიშვილს კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებებზე, რომმელშიც მან აღნიშნა: "თუკი ვინმე, კანონპროექტში ერთ პუნქტს მაინც მონახავს, რომელიც არის ანალოგი რუსულის და სხვაგან, ევროპულში, ამერიკულში მსგავსი ჩანაწერი არ არის, ჩვენ შეგვიძლია ხვალვე წავიღოთ ეს პროექტი უკან, ან ამოვიღოთ, რაც გნებავთ, ის ვქნათ".
მისი თქმით, თავისუფალი მედია ნიშნავს რეჟიმის გავლენისგან და პარტიული გავლენისგან თავისუფალ მედიას
„უმარტივესია. ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობას, თავისუფალ მედიას [რაცხავენ უცხო ქვეყნის ინტერესად].
თავისუფალი მედია არ ნიშნავს იდეოლოგიისგან თავისუფალ მედიას, თავისუფალი მედია ნიშნავს რეჟიმის გავლენისგან და პარტიული გავლენისგან თავისუფალ მედიას.
მე ვაგრძელებ, მე და ჩემი თანამოაზრეები, ტაბულა იქნება ეს, თავისუფლების ინსტიტუტი იქნება, ევროპული საქართველო იქნება თუ ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია, ჩვენ ვემსახურებით ქართულ საქმეს, ვინც ჩვენს სამსახურს, რომც არ გვეთანხმებოდეს, უცხო ქვეყნის სამსახურად რაცხავს, ის არის რუსი, ეს არის ორჯერ ორი ოთხი, ამას წყალი არ გაუვა.
არ შეიძლება, ილიას მემკვიდრეობა იყოს უცხო ქვეყნის სამსახური, მდინარაძე მაგას აკეთებს, მედიაპლურალიზმს, ილიას დატოვებულ საქმეს რაცხავს უცხო ქვეყნის სამსახურად, ესენი არიან სერგო ორჯონიკიძის, ფილიპე მახარაძის შთამომავლები, ესენი არიან რუსები, ამათ ეთნიკურ წარმომავლობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ესენი არიან რუსები, იმიტომ, რომ ილია ჭავჭავაძეს, ვაჟა ფშაველას, გენერალ კვინიტაძეს, პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობას უცხო ინტერესების სამსახურად რაცხავენ, საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს დამოუკიდებლობას მიიჩნევენ უცხო ქვეყნის ინტერესად”, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.