საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ პროტესტის ტალღა უნდა აგორდეს, შემდეგ ეს მუხტი შენარჩუნდეს და მოხდეს რადიკალიზაცია.
„რაც არ უნდა მცდელობა იყოს, ის ტალღა, რომელიც ასე წარმატებულად დაიწყო, ვერ დამშვიდება. ვერ მოხდება კიდევ ერთხელ ამ მუხტის დადგება, რაც შარშან იყო. შარშან ვამბობდი, პოლიტიკური ალღოთი ვგრძნობდი, რომ ეს ასე არ უნდა დამთავრებულიყო, არ შეიძლებოდა ამის ასე დამშვიდება და დამთავრება, თუმცა დიდი მცდელობის შედეგად ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გადაგორდა. მე არ მოველოდი, რომ მუხტს ასე აქტიურად დააგდებდნენ და ეს ყველაფერი გადავიდოდა მშვიდ რეალობაში მაშინ, როცა ასე კარგად იყო აწეული“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი განცხადებით, რომ მის ერთ-ერთ განცხადებაზე, რომელიც გასულ წელს გააკეთა სიტუაციის რადიკალიზაციასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ლიდერებს ერთ-ერთ საელჩოში განუცხადეს, რომ მსგავსი განცხადებები მიუღებელია.
„შარშან რომ გამოვდიოდი ამ მოწოდებით, ოპოზიციის ლიდერები ისე რიხიანად დამესხნენ თავს, ახლა დიალოგის დროა, გასაგები იყო, რა ემოციაც ჰქონდა ბევრ მათგანს. დღეს ამ მუხტის დაგდების ტენდენცია თუ წავა, არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის პოლიტიკის ანაბანა. ჩვენი პარტნიორები შეეცდებიან, რომ, მოდით, სიმშვიდისკენ მოვუწოდოთო. ჩვენ ამ მუხტს ვიწყებთ და ვამთავრებთ არა საკომიტეტო მოსმენებში, არამედ ვამთავრებთ არჩევნებზე მოგებით ან არადა, ვაღრმავებთ საბჭოთა საქართველოს რეალობას. გამოსავალი არის მაქსიმალური რადიკალიზაცია და საკითხებისთვის თავის სახელის დარქმევა. ეს არ არის ყოველთვის ქუჩა, ეს არის არათანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს გამოცდილება ეროვნული მოძრაობის, რომლის მთავარი თემაც იყო არათანამშრომლობა და დაპირისპირება რეჟიმთან. ეს არის ამოსავალი. მე მუდმივად მიმაჩნდა, რომ ოპოზიციას აქვს ზედმეტი დამოკიდებულება ჩვენს ძალიან პატივსაცემ პარტნიორებზე, მათთან უნდა ვითანამშრომლოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტაქტიკურ ნაბიჯებში მათ უნდა მივყვეთ და იმას, რასაც გვეტყვიან საელჩოებში. ერთ მაგალითს გეტყვით, ერთ-ერთ საელჩოში დაიბარეს ოპოზიციის ლიდერები და ჩემს განცხადებებზე, რომ უნდა მოვახდინოთ პროცესის რადიკალიზაცია, მკვეთრად უთხრეს, მიუღებელია ეს პოზიციაო“, – განაცხადა მარგველაშვილმა.