ძალიან გასაკვირია რატომ მოითხოვს ჩვენი ხელისუფლება ასე დაჟინებით ამ პროექტის {„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“}დამტკიცებას, რადგან ზუსტად ერთი წლის წინ ეს კანონპროექტი ჩავარდა და ეს იყო ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის შედეგი, - ამის შესახებ ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
„დღეს 9 აპრილია, ნამდვილად ძალიან სევდიანი დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში, მაგრამ არის იმედის მომცემი, იმიტომ რომ სამწუხაროდ, ამდენი სოცოცხლის ფასად, იმედი გაჩნდა 35 წლის წინ და ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება. იმედები გაგვიჩნდა, რომ ჩვენს ქვეყანას კიდევ შეუძლია განვითარება, დემოკრატიულ გზაზე სვლა, თუმცა საფრთხე მაინც სულ გვაქვს, დღემდე ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი და რასაკვირველია, ჩვენთვის უსაფრთხოება და მშვიდობა მთავარია და ამის მთავარი იმედი არის ჩვენი მოკავშირეების, ჩვენი მეგობარი ევროპელი ქვეყნების და ამერიკის გვერდზე დგომა, ეს არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი პირველი საგარეო მტერი არის რუსეთი და ზუსტად ის უცხოური ძალა არის რუსეთი თავისი აგრესიით. რასაკვირველია, როგორც ქვეყნის პატრიოტი, მე ვუსრვებ ჩემს ქვეყანას მშვიდობას, უსაფრთხოებას, ევროპის გეზით სვლას და ევროპის დიდ ოჯახში გაწევრიანებას.
ამის დიდი იმედი მაქვს. ჩემთვის ძალიან გასაკვირია რატომ მოითხოვს ჩვენი ხელისუფლება ასე დაჟინებით ამ პროექტის დამტკიცებას, რადგან ზუსტად ერთი წლის წინ ეს კანონპროექტი ჩავარდა და ეს იყო ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის შედეგი. ამიტომ გასაკვირია, რომ წელს ისევ წარმოიშვა ამ კანონპროექტის იდეა, რომელშიც არაფერი შეცვლილა ერთი სიტყვის გარდა, აგენტია მხოლოდ ამოღებული, თორემ იგივეა აბსოლუტურად.
არ მიმაჩნია, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც მოექცევიან ამ კანონპროეტის ქვეშ არიან უცხო ძალების და უცხო ქვეყნების ინტერესების მატარებლები, პირიქით, ისინი იცავენ საქართველოს დემოკრატიულ გზას, სიტყვის თავისუფლებას და კრიტიკული აზრის დამკვიდრებას ჩვენს საზოგადოებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ დემოკრატიისთვის, რომლისთვისაც ჩვენ ასე ვიღწვით.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით საზღვარგარეთ, ევროპის ქვეყნებში ვმოგზაურობთ, ზუსტად იმ ქვეყნებში, რომლებიც არიან ჩვენი მოკავშირეები, მეგობრები და არავითარი უცხო ძალა არ არის ჩემთვის. რადგანაც ჩვენ გვინდა მშვიდობა, უსაფრთხოება და ევროპული მომავალი, ვშიშობ, რომ ეს კანონი აზრს შეუცვლის ჩვენს მეგობარ ქვეყნებს ჩვენ ქვეყანაზე , - განაცხადა ნინო სუხიშვილმა .