დღეს ხელისუფლება უკეთ არის მომზადებული ტყუილის ტირაჟირებაში, სიცრუის კამპანიის სხვადასხვა ფორმით გავრცელებაში, - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, ახლა დროა საზოგადოება გაერთიანდეს და მოქალაქეებმა ერთიანი ძალისხმევით სტრატეგიულ პარტნიორებს ხმა მიაწვდინონ.
„დღეს ხელისუფლება უკეთ არის მომზადებული ტყუილის ტირაჟირებაში, სიცრუის კამპანიის სხვადასხვა ფორმით გავრცელებაში.
ისინი თვლიან, რომ იქნებიან უფრო ორგანიზებული და ეფექტური ძალა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის ამოცანაში, ვიდრე ჩვენ ყველა დანარჩენი თავისუფალი ადამიანები. მათ იმის იმედი აქვთ, რომ ოპოზიცია, მედია სხვადასხვანაირია. იმის იმედი აქვთ, რომ ჩვენ გავგიჟდებით, გავბრაზდებით და პროვოკაციას მოგვიწყობენ, ან დავიღლებით. ჩვენ, მთელმა საქართველოს იმ ნაწილმა, ვინც ზუსტად ვიცით, რომ ეს კანონი რუსულია, ეს არგუმენტები უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მეზობლებისთვის, მეგობრებისთვის სიმართლის მისაწოდებლად", -განაცხადა უსუფაშვილმა.