პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს.
თავდაპირველად, კანონროექტის განხილვა პარასკევს, 12 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა როგორც გაირკვა, კანონპროექტის განხილვა მომავალი ორშაბათიდან დაიწყება.
კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ 9 აპრილს დასვენების დღეა, კომიტეტი პროცედურით გათვალისწინებულ სამდღიან ვადას დაიცავს და ცვლილებებზე პირველი მოსმენით მომავალი კვირის ორშაბათს იმსჯელებს.
„იქიდან გამომდინარე, რომ რეგლამენტით გათვალისწინებულია შესაბამისი ვადები, რა ვადებშიც უნდა იქნეს დაწყებული ამ კანონპროექტის განხილვა და ხვალ არის დასვენების დღე, ჩვენ არსად არ გვეჩქარება - არ გვინდა, რომ სასპეკულაციო სივრცე ვინმეს მიეცეს, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული არა უადრეს 3 დღისა, ნიშნავს თუ არა პარასკევს, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ ასეთი სასპეკულაციო სივრცე არავის არ ჰქონდეს და ჩვენ ამ საკითხის საკომიტეტო განხილვას დავიწყებთ ორშაბათს,“ - თქვა ოხანაშვილმა.