თავის დროზე, შარშან, ჩვენ დაგვპირდნენ, რომ საქართველოში უცხოური დაფინანსების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე იქნებოდა, თუმცა ჩვენც და ქართველი ხალხიც მოგვატყუეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირას“ გამჭვირვალეობის შესახებ კანონზე საუბრისას განუცხადა.
საქართველოში დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებით, მან ამერიკის დემოკრატიის ფონდის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა.
„რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა ამერიკის დემოკრატიის ფონდის ხელმძღვანელობასთან. თავიდან მათ განაცხადეს, რომ გამჭვირვალობის პრობლემა არ აქვთ - ინფორმაციას ვებ-გვერდზე აქვეყნებდნენ. მივუთითე, რომ ვებ-გვერდზე 2021, 2022 წლის მონაცემები არ ჰქონდათ. მითხრეს, რომ ეს ტექნიკური საკითხია და გამოსწორდება. ჩვენ მაშინ ასე შევთანხმდით, ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე, რომ ისინი მოგვაწვდიდნენ ინფორმაციას, თუ რა პროექტებს აფინანსებდნენ და მათ საჯაროს გახდიდნენ. ამ შეხვედრის შემდეგ კომუნიკაცია იყო ჩემს კაბინეტსა და მათ მთავარ ოფისს შორის. დაიწყეს გადამისამართება ხან ერთთან, ხან თქვეს, რომ მეორე თანამშრომელია პასუხისმგებელი, შემდეგ მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, გარკვეული ფონდები საქართველოში აფინანსებდნენ ისეთ კამპანიას, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებას ეხებოდა“.
„როდესაც უცხოური ორგანიზაცია, სტუმარი, ჩამოდის სხვა ქვეყანაში, ხარჯავს ფულს, ისე, რომ საზოგადოებას არც კი აბარებს ანგარიშს, თუ რაში ხარჯავს. გაირკვა, რომ სწორედ ფონდების დაფინანსებული იყო კამპანია, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებას ეხებოდა და ძალადობას ქადაგებდა - ძალადობის წამქეზებელი კამპანია იყო. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია ჩვენი რეაქცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.