უკრაინამ გააძლიერა ენერგეტიკული ობიექტების დაცვა, მაგრამ ეს ყოველთვის არ არის საკმარისი ყველა რუსული თავდასხმის მოსაგერიებლად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
"ისინი გააგრძელებენ ჩვენ ენერგეტიკულ სისტემაზე დარტყმებს. ეს მათი სურვილია. მე მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ამ გზის გავლას. ჩვენ შევძელით მრავალი ენერგეტიკული ობიექტის დაცვა. როგორც საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ასევე 1, 2 და 3 დონის დაცვით. ეს არის კონკრეტული დაცვა, მაგრამ არის რაკეტები, რომელთა წინააღმდეგაც ეს სისტემები არ მუშაობს, სამწუხაროდ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები ან მათი ანალოგი მუშაობს ზოგიერთი სამიზნეების წინააღმდეგ. მაგრამ უკრაინაში არ არის საკმარისი რაოდენობა ყველა პოტენციური სამიზნის დასაცავად.
„ჩვენ გვიწევს ამა თუ იმ დროს ავირჩიოთ რომელი ობიექტი დავიცვათ, ქალაქი თუ სხვა. რუსული დაბომბვის ინტენსივობა საკმაოდ მაღალია. დღეს საჰაერო თავდაცვისთვის რაკეტების მარაგი გვაქვს, მაგრამ მე მჯერა, რომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა მოხდება ხვალ. თუ ისინი ინტენსიურად გააგრძელებენ დარტყმებს, შესაძლოა, საკმარისი არ იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის ჭურვების დამოუკიდებლად შეძენა დაიწყო, რადგან დაბომბვის ინტენსივობის გათვალისწინებით საერთაშორისო დახმარება საკმარისი არ არის.
„ეს ყველაფერი ფული ჯდება. თუ ომის დასაწყისში მხოლოდ საერთაშორისო დახმარებაზე გვქონდა იმედი, დღეს საკუთარი კონტრაქტების იმედიც გვაქვს. ცალ-ცალკე დავიწყეთ მუშაობა სხვადასხვა ქვეყანაში, დახმარების მოლოდინის გარეშე. სხვადასხვა კონტრაქტით, სხვადასხვა ხელშეკრულებით და ჩვენ ახლა გვაქვს საბრძოლო მასალის მარაგი, როგორც არტილერიისთვის, ასევე საჰაერო თავდაცვისთვის“, - თქვა ზელენსკიმ.