ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოელის, რომ ივლისამდე, როდესაც ვაშინგტონში ალიანსის სამიტი გაიმართება, მოკავშირეები შეთანხმდებიან ახალი მრავალწლიანი ფონდის შექმნაზე უკრაინის მხარდასაჭერად.
ამის შესახებ მან BBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 7 აპრილს გამოქვეყნდება.
როგორც ინტერვიუს ანონსშია ნათქვამი, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გამოთქვა რწმენა, რომ ალიანსის მოკავშირეები უკრაინის დაფინანსების გრძელვადიან შეთანხმებაზე ივლისამდე შეთანხმდებიან.
„მაშინაც კი, თუ გვჯერა და ვიმედოვნებთ, რომ ომი უახლოეს მომავალში დასრულდება, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას მრავალი წლის განმავლობაში და ავაშენოთ მისი თავდაცვა მომავალი აგრესიის შესაჩერებლად“, - თქვა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, სამხედრო მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რუსული ჯარები უკრაინიდან გაიყვანონ და აიძულონ რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი, უარი თქვას მის ოკუპაციაზე.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ნატო-ს მოკავშირეები უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერის დაგეგმვის დაწყებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიუხედავად, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადებას, რომ ეს 100 მილიარდი ევროს ღირებულების ხუთწლიანი ფონდის მეშვეობით გააკეთონ, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მინისტრებმა განაცხადეს, რომ ასეთი ფონდის შექმნა ადვილი არ იქნება.