ევროკავშირის ურთიერთობები სომხეთთან ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სომხეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის სამმხრივ შეხვედრაზე განაცხადა.
„ორი თვის წინ აქ, ბრიუსელში გაიმართა სომხეთთან პარტნიორობის საბჭოს სხდომა. ცხადი იყო, რომ ჩვენი ურთიერთობები პოზიტიური მიმართულებით ვითარდება, ეს ურთიერთობები მტკიცეა, როგორც არასდროს და არსებობს ორმხრივი ინტერესი, რათა მოხდეს მათი კიდევ უფრო მეტად განვითარება. ეს სწორედ ის არის, რასაც დღეს აქ ვაკეთებთ. ჩვენ ეს პარტნიორობა შემდგომ დონეზე გადაგვყავს“, – განაცხადა ბორელმა.
ამასთან, ბორელის თქმით, უფრო ძლიერი და სტაბილური სომხეთი ნიშნავს უფრო ძლიერ და სტაბილურ სამხრეთ კავკასიას.
"ჩვენ ვიცით, რომ სომხეთმა უნდა გააგრძელოს რეფორმებზე მუშაობა, რათა გააძლიეროს საკუთარი ძალისხმევა. ეს ძალისხმევა იქნება პარტნიორობის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული შეთანხმების ნაწილი. ეს გაზრდის სომხური საზოგადოების გამძლეობას. ვნახეთ, რომ სომხეთი სულ უფრო მეტად ხდება უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის სამიზნე. ჩვენი ვალდებულების ნაწილია, დაგეხმაროთ დეზინფორმაციასთან გამკლავებაში. გვჯერა, რომ უფრო ძლიერი და სტაბილური სომხეთი ნიშნავს უფრო ძლიერ და სტაბილურ სამხრეთ კავკასიას", - თქვა ბორელმა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.