საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, NED-ის მხრიდან საქართველოში ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდება.
„NED-ის ხელმძღვანელობისგან პირადად მივიღე დაპირება, რომ საქართველოში მათი აქტივობები იქნებოდა გასაჯაროებული. შარშან, გაზაფხულზე მქონდა პირველი შეხვედრა და შევთანხმდით, რომ ვებგვერდზე განათავსებდნენ ან საჯაროს გახდიდნენ, მათ შორის ჩვენც მოგვაწვდიდნენ ინფორმაციას მათ მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ. შემდეგ კავშირზე იყო ჩემი კაბინეტი და ერთი მისამართიდან, მეორეზე, მესამეზე, მეოთხეზე მოხდა გადამისამართება და ასე ჩაიკარგა პასუხები. მეორე ტალღაც ასე იყო, მესამეც. საბოლოო ჯამში, ვერ ვიღებდით პასუხს, მაგრამ შემდეგ შემთხვევით ვიგებდით, რომ პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან. NED-ის მხრიდან ფინანსდება გახარიას პარტიის ყალბი „ენჯეობი“, NED-ის მხრიდან ფინანსდება სხვადასხვა პარტიების ყალბი „ენჯეოები“, რომლებზეც ხედავთ, რომ ბოლო პერიოდში არის ინფორმაციები. მაგალითად, „დროას“ ამბავი შემთხვევით გავიგეთ – ელენე ხოშტარიამ დაპოსტა და იმ პოსტში გაამჟღავნა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, უცხოური ფულით პოლიტიკის დაფინანსება აკრძალულია ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
„პარტიებთან დაკავშირებით პრობლემაა კანონის გვერდის ავლა. უცხო ფულით პოლიტიკის დაფინანსება აკრძალულია ყველა ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით. ეს არის კანონის გვერდის ავლა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.