დღეს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ვრცელდება დეზინფორმაცია, მივმართავ ყველა საელჩოს და დონორს, ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ვრცელდება ტყუილი, რომელიც ფინანსდება ევროპული, ამერიკული ფულით.
პაპუაშვილის თქმით, უცხოური დაფინანსების გამჭირვალობა სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხის.
„მხოლოდ ქართველი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება არის კომპეტენტური, გადაწყვიტოს, ეს უსაფრთხოების საკითხები როგორ მოგვარდეს. აქ სიტყვა არ ეთქმის უცხოელ აქტორებს, არამედ მხოლოდ ქართველ ხალხს. ქართველმა ხალხმა იცის, რა არის კარგი მისი უსაფრთხოებისთვის. მით უმეტეს, როდესაც უცხოელი აქტორები თავად არიან დაინტერესებული მხარე ამ საკითხში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქმე ეხება ამერიკულ და ევროპულ ფონდებს, რომლებიც მალავენ თავის დაფინანსებას.
„დღევანდელ დღეს ალბათ ნახავდით, რომ „ენჯეოებმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ, შარშანდელივით წამოიწყეს კამპანია, რომ „რუსულ კანონად“ დაბრენდონ ეს კანონი. თქვენ ნახავდით ალბათ სოციალურ ქსელში ბანერებს, რომელიც ვრცელდებოდა. ეს გახლავთ პირდაპირი დეზინფორმაცია და ტყუილი, რომელიც ფინანსდება დღეს, ამ მომენტში უცხოური ფულით. ვხედავთ „ენჯეოებს“ და ეს კამპანია წარმოებს უცხოური დაფინანსებით. დღეს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ვრცელდება დეზინფორმაცია, რომელიც ფინანსდება ევროპული, ამერიკული, შვედური, ჰოლანდიური ფულით, ამ „ენჯეოების“ რესურსების გამოყენებით. ამიტომ, მე მივმართავ ყველა საელჩოს და დონორს, ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს, ვინაიდან შარშან ეს ერთი ტყუილი, რაც ამ „ენჯეოებმა“, იმისთვის რომ დაემალათ თავისი ფინანსები, იკადრეს. ამ ტყუილის გამეორება ხდება დღეს უცხოური დაფინანსებით. ასე რომ, მნიშვნელოვანია, ყველამ მიაქციოს ამას ყურადღება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.