ოპოზიცია საზოგადოებას მეორედ ვეღარ მოატყუებს, 50 ადამიანსაც ვერ შეკრებენ, ქუჩაში ვერავის ვეღარ გამოიყვანენ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.
სოზარ სუბარი ოპოზიციისა და საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა.
„სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, საფრანგეთის სახელმწიფო მოსამსახურე იყო, ჩინოვნიკი და დღესაც არ ვიცით, რა კავშირი აქვს, თუმცა მას წავუკითხავ, რა წერია, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ კანონში. პირდაპირ წერია, რომ სპეციალური რეესტრი შეიქმნება, სადაც აღირიცხება ყველა უცხოური ინვესტიცია, ვინც აფინანსებს საფრანგეთში არასამთავრობო ან პოლიტიკურ სტრუქტურას. ეს სტრუქტურები ასამბლეის წინაშე ანგარიშს თუ არ წარადგენენ, სისხლის სამართლის წესით დაისჯებიან. ქართულ კანონში მსგავსი არაფერი წერია, ჩვენთან ვალდებულებაა გამოქვეყნების ან ჯარიმაა გათვალისწინებული. ოპოზიციამ საზოგადოება ერთხელ უკვე მოატყუა და მეორედ ვეღარ მოატყუებს. მათ თუ სურთ, გააპროტესტონ, აგერ არის ქუჩა და ვნახავთ, რომ 50 ადამიანსაც ვერ შეკრებენ. რამდენიც უნდათ, იყვირონ, რამდენიც უნდათ, იხმაურონ. ქუჩაში ვერავის ვეღარ გამოიყვანენ, რადგან მათი მოსატყუებელი კბილი ქართულმა საზოგადოებამ უკვე გამოიცვალა. რისი ძალა აქვთ – აგერ ბურთი და მოედანი. ბურთი მათ მოედანზეა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.