მაინტერესებს, ეთანხმებით თუ არა თქვენი კოლეგის, მეგრელიშვილის განცხადებას, რომელიც ამბობს: „ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ვერ გავაკეთებ“? - დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „გირჩის“ წევრს სანდრო რაქვიაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.
„ეთანხმებით თუ არა იმას, რომ საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში ქალი კოლეგები შეიძლება „ჰარემს“ დაუკავშირო რაიმენაირი გამონათქვამით, თუნდაც გადატანითი მნიშვნელობით. ვფიქრობ, გუშინ ძალიან მძიმე დღე იყო, ემოციური, განსაკუთრებით მძიმე იყო ყველა ქალისთვის, ვინც ჩვენ გვიყურებდა. შეურაცხყოფა, ისმოდა. არ მგონია, ეს არანაკლებია, რაც მეგრელიშვილმა იკადრა, ვიდრე ის გამონათქვამები, რომელიც გვესმოდა, თუნდაც უმრავლესობის წევრების მხრიდან. მაინტერესებს თქვენგან, როგორც ადამიანისგან, რომელსაც დედა გყავთ, ალბათ და, გოგო შვილი, იმ ადამიანებს, ქალებს, ახალგაზრდებს რომ უთხრათ, შეიძლება თუ არა ქალები, კოლეგები დაუკავშირო „ჰარემს“, შემდეგ გამოხვიდეთ და აქ თანასწორობის სახელით ისაუბროთ. უნდა გამცეთ პასუხი: „კი შეიძლება“, ან „არა, არ შეიძლება“.
თურმე, საპირისპირო სქესის კოლეგების ვიზუალური სექსუალური აღქმა უნდა იყოს. მაგალითად: „მაგრად გამისწორდებოდა უმრავლესობა ქალები იყოთ პოლიტიკაში, ბევრად სასიამოვნოდ გავატარებდი დროს“. ეს მისაღებია ქალი კოლეგების მიმართ?!-აღნიშნა დეკანოიძემ.
გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავისას „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა: „მაგრად „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში, ბევრად სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ?“.