არასამთავროების დაფინანსება 100 პროცენტით გამჭვირვალეა. ტყუილია, რომ შავ ფულს იღებენ, ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
„რასაც აკეთებენ, ეს არის მავნებლობა და ბოროტება ქვეყნის წინააღმდეგ. ეს ქვეყანა ერთხელ ხომ აწვალეს და კინაღამ ამოატრიალეს? – რუსულია. ვინც რუსულს დაუძახებს, შეურაცხყოფააო. არ უნდა გავატანინოთ, რა რუსული კანონი საქართველოში? ყველაფერი გამჭვირვალეა, არასამთავროების დაფინანსება 100 პროცენტით გამჭვირვალეა. ტყუილია, რომ შავ ფულს იღებენ. ალბათ, რუსებთან ვალდებულებები აქვთ და ავალდებულებენ. ამ ყველაფერს ნორმალური ახსნა არ აქვს, ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ. ვისაც უნდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება, მათ მოვუწოდებ, აბჯარი აისხით, მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა გველოდება, ეს არ უნდა გავატანინოთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
როგორც ცნობილი გახდა, "ქართული ოცნება" რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს.