მივმართავ ყველას, ვინც ჩვენთან ერთად იდგა შარშან მარტში, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა „ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ ქვეყნის უკან სვლის საშუალება. – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა უპრეცედენტო გამარჯვება, ქართველი ხალხი გამოვიდა ქუჩაში ამ გამარჯვების საზეიმოდ და საქართველოს ნაკრები თავდაუზოგავი შრომით, თავგანწირვით მართლაც მიდის ევროპის ჩემპიონატზე, „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ გაბედა და შემოიტანა რუსული კანონმდებლობა საქართველოს პარლამენტში. ჩვენ, პარლამენტში ქალები, ვისაც დღეს უნდა გვესაუბრა კვოტებზე, ქალთა თანასწორობაზე, იმ ჩაგრულ ქალებზე, რომლებიც ათასობით არიან ჩვენს ქვეყანაში, ვიძლევით პირობას და ვდებთ პირობას ყველა თქვენგანის წინაშე, რომ თქვენთან ერთად დავუპირისპირდებით ამ რუსულ კანონმდებლობას. ვიბრძოლებთ ქალთა უფლებებისთვის და თითოეული თქვენთაგანის უფლებებისთვის, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი – ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ქვეყანამ გააღწიოს სამშვიდობოს.
ამიტომ, მე მივმართავ ყველას, მათ შორის ქალებს, ვინც არის ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, პირველ რიგში, ახალგაზრდებს, ყველა ადამიანს, ჩვენს შვილებს, მშობლებს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა შარშან, მარტში, ყველამ ერთად ყველაფერი გავაკეთოთ, რათა „ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ ჩვენი ქვეყნის უკან სვლის საშუალება. ყველამ ერთად, ისევ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საბოლოო ძალების მობილიზაცია და დავუპირისპირდეთ ამ ყველაზე უფრო დიდ ბოროტებას, რასაც ჰქვია ივანიშვილის პარტია, „ქართული ოცნება“, ეს მმართველობა, რომელმაც კვლავ რუსული სტილის კანონმდებლობა შემოიტანა საქართველოში. ამიტომ, ჩვენ ვართ კვლავ აქ, ვერ მოგვიშორებს „ქართული ოცნება“, რაც უნდა გენდერული კვოტები გააუქმოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ კვლავ ჩვენი ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.