ივანიშვილს, კობახიძეს და ღარიბაშვილს "ლელო" აღიზიანებთ, რადგან ყოველდღე ვძლიერდებით, - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნება” ოკუპანტ ქვეყანაში დამკვიდრებულ არადემოკრატიულ ბრძოლის ხერხებს ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართავს.
ღარიბაშვილის უსინდისო განცხადებები არ იმსახურებს ყურადღებას და ერთ რამეში ვეთანხმები მას, რომ არანაირი ბუნდოვანება არ არსებობს ქვეყანაში და ყველაფერი ნათელია. ნათელია, რომ "ქართული ოცნება" თავისი ლიდერებით, დამფუძნებლით არის რუსული ხელისუფლების ტიპის ხელისუფლება, რომელსაც გადმოაქვს რუსეთში აპრობირებული მეთოდები ოპონენტებთან ბრძოლის, ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლის, არასამთავრობო სექტორთან ბრძოლის, განსხვავებულ აზრთან ბროლის რუსული მეთოდები, როდესაც იყენებენ პროკურატურას, სასამართლოს იმისთვის, რომ ადამიანები გააშავონ, მათ დასწამონ უსინდისო ბრალდება და შესაბამისად, ღარიბაშვილის პირისგან მოვისმენთ ყოველგვარ სიბინძურეს, რომელიც შეიძლება, ადამიანის პირმა თქვას. ეს, ალბათ, ემსახურება იმას, რომ ყურადღება გადაიტანოს ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ახლა არის ზედაპირზე და მისთვის სამწუხაროდ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. ბევრი არ მინდა, რომ ვისაუბრო, რადგან ცხადია, რომ "ლელო" მათ აღიზიანებთ, აღიზიანებს ივანიშვილს, ღარიბაშვილს, კობახიძეს და მათ ამფსონებს, რადგან "ლელო" ძლიერდება ყოველდღე, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.