წინასაარჩევნოდ ყურით მოთრეული თემაა, გაიხედა, გამოიხედა „ქართულმა ოცნებამ“, „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთი საშიში აღარ არის, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველაზე საშიში კაცი ციხეშია გამოკეტილი და რაღაც ხომ უნდა მოიგინონ, არარსებული თემა და არარსებული მტრის ხატი შექმნეს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, ლგბტ პროპაგანდით დაზარალებული მას არავინ უნახავს.
„მე ამ პროპაგანდას და ამ პროპაგანდით მით უმეტეს დაზარალებულებს ვერ ვხედავ, თუ გვაჩვენებენ კარგი იქნება. სინამდვილეში მართლა მაინტერესებს ბავშვების ფსიქიკაზე აქვს თუ არა რამე გავლენა და როგორი გავლენა აქვს, მაგრამ პოლიტიკოსების აზრი არ მაინტერესებს. სექსოლოგი არ არის არც მამუკა მდინარაძე და არც ის, ვინც ეს წარადგინა. მე სიამოვნებით მოვუსმენდი სპეციალისტებს. ლაპარაკობენ პოლიტიკოსები, რადგან ეს არის პოლიტიკური თემა. ლგბტ თემის პროპაგანდისთვის გრანტებს არავინ არ გასცემს დედამიწაზე. ეს არის ნოუ-ჰაუ, რაზეც „ქართული ოცნება“ საუბრობს. შეიძლება ლგბტ თემის უფლებებისთვის გასცენ, მაგრამ ლგბტ თემის პროპაგანდისთვის, რომ ვინმემ გრანტი გასცეს, ეს აბსურდია. ეს არის არსებული თემის ქარიშხლად გადაქცევის მცდელობა. არ შეიძლება, რამდენი თავში რაღაც მოგივლის წინასაარჩევნოდ, გაექანო და კონსტიტუციას მიახტე, ეს მავნებლობაა. ეს, რომ მართლა მძვინვარე თემა იყოს და მართლა ტიტველი კაცები დასდევდნენ მთელ ქართველ ერს რეგიონულ პერიმეტრზე და საზღვრებზე, მაინც არ შეიძლება კონსტიტუციაში ასეთი უხეში ჩარევები“, – განაცხადა ელისაშვილმა.