გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მიმართვაში სამართლიანი სამყაროს აუცილებლობაზე ისაუბრა და საზოადოებასუკრაინის შემდგომი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"სამყარო თავისუფლების გარეშე ნიშნავს ჩაგვრას. მშვიდობა სამართლიანობის გარეშე არ არსებობს. ამიტომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას სამართლიანი სამყაროსთვის ბრძოლაში - ვიდრე ეს საჭირო იქნება", - თქვა შოლცმა.
კანცლერის თქმით, სააღდგომო ღვთისმსახურებისას მთელი მსოფლიოს ქრისტიანები ლოცულობენ უფრო მშვიდობიანი სამყაროსთვის.
"ჩვენ ყველანი ვიბრძვით უფრო მშვიდობიანი სამყაროსთვის. ახლო აღმოსავლეთში და უკრაინაშიც ხალხს მშვიდობა სურს", - თქვა მან.
შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა საჭიროა ასევე ევროპის უსაფრთხოებისთვის. "მრავალი ათწლეულის განმავლობაში ევროპაში მშვიდობა ეფუძნებოდა ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს: საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით, აღარასდროს! ვლადიმირ პუტინის რუსეთმა დაარღვია ეს პრინციპი", - თქვა მან.
"მაგრამ ჩვენს ხელშია დავრწმუნდეთ, რომ ეს პრინციპი კვლავ ამოქმედდება. უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებით - მტკიცედ და ფრთხილად", - თქვა კანცლერმა. მისი თქმით, გერმანია ასევე უფრო მეტ ინვესტიციას ჩადებს საკუთარ უსაფრთხოებაში.
„უფრო მეტიც, ჩვენ გვაერთიანებს რწმენა, რომ სამართალმა უნდა გაიმარჯვოს ძალადობაზე. ეს არის მშვიდობის წინაპირობა, განსაკუთრებით დღეს“, - აღნიშნა შოლცმა.
გერმანიის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ხელმძღვანელი ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში უკრაინის შესაძლო დამარცხების საფრთხე გაიზარდა.
მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინაში ბრძოლის ველზე ვითარება გაუარესდება, რადგან „პუტინის სისასტიკეს საზღვრები აღარ აქვს“.