"ახალი მემარჯვენეები" ტელეკომპანია "მაესტროს" სოლიდარობას უცხადებენ.
როგორც დრეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, 2010 წლის მიწურულს საქართველოში არსებული მყიფე პოლიტიკური სტაბილურობა ოპოზიციის შიგნითაც აფეთქდა.
"ოპოზიციური ფლანგი დანაღმულ ველს დაემსგავსა. სამწუხაროდ, პოლიტიკოსებისაგან, როგორც ჩანს, კიდევ ბევრი შოკი და უსიამოვნო გაოცება ელოდება ჩვენს საზოგადოებას. მაგრამ არანაკლებ რთული ვითარება შეიქმნა მედიასივრცეში (ტელეკომპანია "თანამგზავრსა" და "თრიალეთთან" დაკავშირებული ამბები, ინტერნეტ გამოცემა "პრესა.გე" -ს სკანდალი). იმ ინფორმაციამ, რომელიც გუშინ, ამჯერად, ტელეკომპანია "მაესტროსთან" დაკავშირებით გახდა ცნობილი, საზოგადოებაში განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია", - აღნიშნა ჩიხრაძემ.
მისივე თქმით, "ახალი მემარჯვენეები" არ აპირებენ ტელეკომპანიის დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელებს შორის წარმოქმნილ კონფლიქტურ ურთიერთობაში ჩარევას, მაგრამ სოლიდარობას უცხადებენ ტელეკომპანიის ჟურნალისტებისა და შემოქმედებით პერსონალს.
"ჩვენი საზოგადოება წლების განმავლობაში ითხოვს ელექტრონული მედია-საშუალებების მფლობელთა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას. ამ მხრივ, თითქოსდა ყინულიც დაიძრა. ამ დროს სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემის გაჩენა თავისუფალ ტელევიზიაში სრულიად გაუმართლებელია. საერთაშორისო საზოგადოება საკმაოდ კრიტიკულია საქართველოში მედიის კუთხით არსებული მდგომარეობის მიმართ", - აღნიშნა მან.
დღესვე ჩიხრაძემ, ამერიკის განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, ფონდს "ღია საზოგადოება-საქართველო" მიმართა და სთხოვა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის გადასარჩენად საჭიროა საგანგებო და სწრაფი ზომების მიღება; ასევე აღმოუჩინოს დახმარება ინტერნეტგამოცემა "პრესაგე.ტვ"-ს და ზოგადად დამოუკიდებელ მედიას საქართველოში.