არავის სჭირდება მერაბიშვილ-კეზერაშვილის პარტიასთან მსგავსება, ღმერთმა დამიფაროს, - ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნიკა მელიამ "პოლიტიკური ამბების" ეთერში განაცხადა.
"ახალის" თანათავმჯდომარე აცხადებს, რომ ახლადშექმნილ პარტიას შესწევს უნარი, არჩევნებზე პოზიტიური შედეგი დადოს.
"ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" სიამის ტყუპებივით მსგავს გზავნილებს აჟღერებენ. მათ ჰგონიათ, რომ ამ ქვეყანაში სხვა საქართველო არ არსებობს. ჰგონიათ, რომ სხვა პარტიები წარმატებას ვერ მიაღწევენ. საპირისპირო მოხდება და მანდ ფრთხილად იყოს, განსაკუთრებით "ოცნება". ორივე პარტია ერთნაირი გზავნილით გამოირჩევა. "ოცნება" საუბრობს, რომ ყველა არის "ნაციონალური მოძრაობა" და ყველას ერთ ქვაბში ხარშავენ. "ნაციონალური მოძრაობაც" იმავეს იძახის, რომ ყველა "ნაცმოძრაობა" არის, უბრალოდ მე ვარ ნამდვილი "ნაცმოძრაობაო". არავის არ სჭირდება მერაბიშვილ-კეზერაშვილის პარტიასთან მსგავსება, ღმერთმა დაგვიფაროს. ეს რომ არ გვინდოდა, ამიტომ ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად გავერთიანდით და ჩამოვაყალიბეთ "ახალი". მე მათ წარმატება ვუსურვე, იქ ხალხი დარჩა და წარმატებები მათ, მაგრამ ვისაც სჯერა, რომ წარსულით შეიძლება მომავალში მოხვდე და წარსულია ორი ბატონი, რომელსაც არ მგონია, რომ ხალხის ინტერესი ანაღვლებდეს, მე არ მჯერა და ვისაც სჯერა დარჩა იქ და წარმატებები მათ", - ამბობს მელია.