ფაქტია, რომ პრეზიდენტი დღეს ხვდება სწორედ კალანდარიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ წარადგინა თავის დროზე პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა, არის თუ არა ისევ „ქართული ოცნების“ რჩეული გიორგი კალანდარიშვილი იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი მის კანდიდატურას არ იწონებს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან არ იცის იწონებს თუ არა პრეზიდენტი კალანდარიშვილის კანდიდატურად, თუმცა გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარებს ცესკო-ს თავმჯდომარის ლეგიტიმაციას, რომელსაც უარი უთხრა წარდგენაზე კომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სალომე ზურაბიშვილმა არ წარადგინა კალანდარიშვილი პარლამენტის წინაშე კანდიდატად მხოლოდ იმის გამო, რომ მას მხარი არ დაუჭირეს ხაბეიშვილმა, სამადაშვილმა და სხვებმა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა, არავითარი საფუძველი მისი კრიტიკისთვის არ არსებობს. კალანდარიშვილმა და ცესკოს სხვა წევრებმა ჩაატარეს 2021 წლის საერთო ეროვნული არჩევნები უმაღლეს დონეზე, 0 კრიტიკა იყო, შეგახსენებთ. ამის შემდეგ იყო არაერთი შუალედური არჩევნები, რომლებიც ჩატარდა ასევე უმაღლეს დონეზე. შესაბამისად, ოპოზიციას და სალომე ზურაბიშვილს არავითარი კრიტიკის საფუძველი არ აქვთ.
რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ვერაფერს გეტყვით გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ უნდა ჩატარდეს კონკურსი, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ და შემდეგ პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.