მოსკოვის ბასმანის სასამართლომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის საქმეზე კიდევ სამ პირს - მამას და ორ შვილს, ამინჩონ, დილოვარ და ისროილ ისლომოვებს პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა. გამოძიების ინფორმაციით, დილოვარ ისლომოვს ეკუთვნოდა Renault-ის მარკის მანქანა, რომლითაც ტერორისტები გაიქცნენ. ორი ბრალდებული ტერორისტულ ჯგუფს მიმდინარე წლის იანვარსა და მარტში შეუერთდა.
წუხელ სასამართლომ ტერორისტებს დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდეს. უჰამადსობირ ფაიზოვს და შამსიდინ ფარიდუნის, რომლებიც საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტში უშუალოდ მონაწილეობდნენ, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქმის შვიდივე ფიგურანტს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. საერთო ჯამში ტერაქტის საქმეზე 11 ადამიანია დაკავებული.
22 მარტის ღამეს მოსკოვის ოლქში მდებარე "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, ოთხი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს.
თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. სავარაუდოდ, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 144 ადამიანი, 180-მდე კი დაშავებულია.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.