მოსკოვის ბასმანის სასამართლომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ორ პირს - უჰამადსობირ ფაიზოვს და შამსიდინ ფარიდუნის პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
მანამდე სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა დალერჯონ მირზოევსა და მუროდალი რაჩაბალიზოდეს.
ბრალდებულებს დაუნიშნეს თარჯიმანი, რადგან ორმა მათგანმა რუსული არ იცის.
ცნობილია, რომ მირზოევი რეგისტრირებული იყო რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკში. ის 32 წლისაა, დაქორწინებულია და ჰყავს ოთხი შვილი, მათ შორის წელიწად-ნახევრის ტყუპები. მუროდალიმ თქვა, რომ არის 30 წლის, ცოლიანი და ჰყავს შვილი.
შამსიდინ ფარიდუნმა სხდომაზე განაცხადა, რომ არის 25 წლისა, დაქორწინებულია და დარეგისტრირებულია მოსკოვის მახლობლად, კრასნოგორსკში, სადაც მდებარეობს „კროკუს სითი ჰოლი“. მუშაობდა პარკეტის ქარხანაში. ჰყავს რვა თვის შვილი.
მეოთხე ბრალდებული, 19 წლის მუჰამედსობირ ფაიზოვი ქალაქ ივანოვოში მუშაობდა საპარიკმახეროში. გავრცელდა ინფორმაციით, ის ქალაქში პოპულარული პარიკმახერი იყო. ეჭვმიტანილები ბასმანის სასამართლოს დარბაზებში ნაცემ მდგომარეობაში მიიყვანეს.
ოთხივეს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
საქმეზე სულ 11 ადამიანია დაკავებული. დანარჩენი დაკავებულების შესახებ არაფერია ცნობილი.
22 მარტის ღამეს მოსკოვის ოლქში მდებარე "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, ოთხი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს.
თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. სავარაუდოდ, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 137 ადამიანი, 180-მდე კი დაშავებულია.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.