ალაჰს ვაბარებთ პიროვნებას, რომელსაც ნეთანიაჰუ ჰქვია, ღმერთმა გაანადგუროს და დაწყევლოს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კაისერიში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ერდოღანის განცხადების შემდეგ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩის მოადგილე დაიბარეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა დაწერა,
"თქვენ, ვინც ჰამასის კრიმინალებს, ბავშვების მკვლელებს, სექსუალურად მოძალადეებსა და დამსახიჩრებლებს უჭერთ მხარს, უკანასკნელები ხართ, ვისაც ღმერთზე საუბარი შეუძლია. არ არსებობს ღმერთი, რომელიც მოუსმენს მათ, ვინც კაცობრიობის წინაშე თქვენი ჰამასელი ბარბაროსი მეგობრების მიერ ჩადენილ დანაშაულებს ემხრობა",- თქვა კაცმა.
ეს არ არის თურქეთის პრეზიდენტის პირველი ასეთი გამოსვლა ისრაელის ხელისუფლების წინააღმდეგ ისრაელის-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ.
მანამდე ერდოღანმა ისრაელის ქმედებები ღაზის სექტორში შეადარა ნაცისტური რეჟიმის ქმედებებს ჰიტლერის მეთაურობით. ნეთანიაჰუს უწოდა "ომის დამნაშავე" და დაპირდა მას მართლმსაჯულების წინაშე წარდგომას ღაზის სექტორში ჩადენილი დანაშაულებისთვის, ხოლო თავად ისრაელს უწოდა "ტერორისტული სახელმწიფო“.
ნეთანიაჰუმ უპასუხა და განაცხადა, რომ ერდოღანი თავად ახორციელებს გენოციდს ქურთების წინააღმდეგ და არ აქვს უფლება ისრაელს მორალი უკითხოს.