22 მარტის ღამეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში 60-ზე მეტი „შაჰედის ტიპის“ დრონი და 90-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ამ ღამით იყო 60-ზე მეტი „შაჰედი“ და თითქმის 90 სხვადასხვა ტიპის რაკეტა. მსოფლიო მაქსიმალურად ნათლად ხედავს რუსი ტერორისტების სამიზნეებს: ელექტროსადგურები და ენერგომომარაგების ხაზები, ჰიდროელექტრო კაშხალი, ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსები, თუნდაც ტროლეიბუსი. რუსეთი ებრძვის ხალხის ჩვეულებრივ ცხოვრებას. ვუსამძიმრებ ამ ტერორის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ყველა ქალაქში, რომელიც დაზარალდა თავდასხმის შედეგად, უკვე ფუნქციონირებს საჭირო სერვისები. ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა გრძელდება.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა პარტნიორებს არ გადადონ უკრაინისთვის საჭირო სამხედრო დახმარების მიწოდება.
"პეტრიოტის“ სისტემებმა უნდა დაიცვან ხარკოვი და ზაპოროჟიე. საჰაერო თავდაცვა საჭიროა ხალხის, ინფრასტრუქტურის, სახლებისა და კაშხლების დასაცავად. პარტნიორებმა ზუსტად იციან რა არის საჭირო. მათ ნამდვილად შეუძლიათ მხარდაჭერა. ეს გადაწყვეტილებები საჭიროა. სიცოცხლე დაცული უნდა იყოს მოსკოვის ამ არადამიანებისგან", - აღნიშნა ზელენსკიმ.
რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემაზე ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა.
„უკრენეგროს“ გამგეობის თავმჯდომარის, ვლადიმერ კუდრიცკის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით რუსეთის არმიის სამიზნე სხვადასხვა ენერგეტიკული ობიექტი გახდა, მათ შორის ერთ-ერთი უდიდესი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი – „დნეპროჰესი“.
რუსეთმა „შაჰედის“ 63 მოიერიშე უპილოტო აპარატი, 12 ბალისტიკური რაკეტა, 45 ფრთოსანი რაკეტა, შვიდი აერობალისტიკური რაკეტა, ორი მართვადი საავიაციო რაკეტა და 22 საზენიტო მართვადი რაკეტა „ეს-300“ და „ეს-400“ სისტემებიდან.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 55 „შჰედი“ და 37 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო.