ოთხი ოპოზიციონერი იყო ბრიუსელში, ორს მაინც რომ ეფიქრა მეტი საკუთარ ქვეყანაზე და არა დავალებებზე, „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს ევროპულ პერსპექტიაზე რეზოლუცია ინიცირებული იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, სამწუხარო პოზიცია იყო უკრაინის დელეგაციის მხრიდანაც, რომელთა წევრებმაც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.
მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციაში არიან ადამიანები, რომლებიც ფორმალურად არ არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს არის ერთი გუნდი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მიუხედავად იმისა, რა პარტია ჰქვია, პარტიული არის თუ არა ადამიანი, ვნახეთ, რომ ისინი მოქმედებენ შეთანხმებულად. საზოგადოებამ უკვე იცის, რომ რეზოლუციის პროექტს ხელმოწერა ჰქონდა საქართველოს დელეგაციიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, ასევე მოლოდოვის დელეგაციის ხელმოწერა და საჭირო იყო კიდევ ორი ხელმოწერა. ოთხი ოპოზიციონერი იყო იქ, ორს მაინც რომ ეფიქრა მეტი საკუთარ ქვეყანაზე და არა დავალებებზე, რეზოლუცია იქნებოდა ინიცირებული.
ასევე სამწუხარო პოზიცია იყო უკრაინის დელეგაციის. აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადება ვნახეთ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლისგან იმ მიზეზებთან დაკავშირებით, რომლის გამოც არ უჭერდნენ მხარს რეზოლუციას, თითქოს საქართველოში ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა. საბოლოო ჯამში, უკრაინის დელეგაციის ეს წარმომადგენლები და „ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედებენ ერთად. ამაზე ვსაუბრობ ხოლმე, როდესაც ვსვამ კითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციის მიმართ, რომ რომელ დროშაზე დადეს მათ ფიცი, საქართველოს დროშაზე თუ სხვა ქვეყნის დროშებზე? ჩვენ ვხედავთ, რომ მათთვის საქართველო აღარ არის სამშობლო და სახელმწიფო, ისინი მოქმედებენ სხვა სახელმწიფოების ინტერესებით და არა საკუთარი ხალხის, ქვეყნის ინტერესებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.